
6 августа /GEORGIAinform/. თუ რუსეთი ქართული პროდუქციის იმპორტზე ისევ დააწესებს აკრძალვას, რომელიც ორი წლის წინ მოიხსნა, ეს იქნება „არასწორი გადაწყვეტილება“, განაცხადა საქართველოს პრემიერ–მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძემ 5 აგვისტოს.
შესაძლო რუსულ სანქციებზე საუბრისას საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა 6 აგვისტოს, რომ „მე ვფიქრობ, რომ რაღაც გაუგებრობას ჰქონდა ადგილი “ და დასძინა, რომ თბილისი „აფასებს“ რუსული ბაზრის ხელახლა გახსნას.
რუსეთის პრემიერ–მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა მიმართა მთავრობის წევრებს 4 აგვისტოს, რომ შეიმუშავონ ზომები იმ ქვეყნებიდან პროდუქციის იმპორტის შეზღუდვისთვის, რომლებიც რუსეთის წინააღმდეგ უკრაინასთან დაკავშირებით ევროკავშირის სანქციებს შეუერთდნენ.
შარშან ალბანეთთან, მონტენეგროსთან, ისლანდიასთან, ლიხტენშტაინთან, ნორვეგიასთან და უკრაინასთან ერთად საქართველო ევროკავშირის ერთ–ერთ სანქციას შეუერთდა, რომელიც ყირიმსა და სევასტოპოლში წარმოებული პროდუქციის იმპორტის აკრძალვას ეხებოდა იმ შემთხვევაში, თუ ამგვარ პროდუქციას თან არ დაერთვებოდა წარმოშობის სერთიფიკატი უკრაინის ხელისუფლებისგან.
ეს ქვეყნები, საქართველოს გარდა, ასევე შეუერთდნენ ევროკავშირის სხვა სანქციებს რუსეთის სახელმწიფო ბანკების, ენერგეტიკის და იარაღის სფეროების, ასევე რუსეთის ათობით ოფიციალური პირის და უკრაინაში რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტი მეთაურების წინააღმდეგ.
მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა ყირიმიდან იმპორტის აკრძალვა 2016 წლის 23 ივნისამდე გააგრძელა, საქართველო კვლავ მიერთებული დარჩა ამ სანქციაზე, როგორც ამის თაობაზე ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის 28 ივლისის დეკლარაციაშია საუბარი.
4 აგვისტოს მთავრობის სხდომაზე საუბრისას რუსეთის პრემიერ–მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა სთხოვა სოფლის მეურნეობის მინისტრს "გაერკვიოს" ამ საკითხში და იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ „რამდენიმე ქვეყანა“, რომელიც მან არ დააკონკრეტა, შეუერთდა ევროკავშირის სანქციებს, მთავრობამ უნდა მოამზადოს შესაბამისი გადაწყვეტილება რუსეთის მიერ ამ ქვეყნების მიმართ კონტრ–სანქციების გამოყენების თაობაზე.
ასევე 4 აგვისტოს რუსეთის მომხმარებელთა უფლებების დაცვის სამსახურმა „როსპოტრებნადზორმა“ განაცხადა, რომ ორი ქართული კომპანიის მიერ წარმოებული კონიაკის და ღვინის 10 პარტია არ დაუშვა რუსულ ბაზაზრე, რადგანაც ისინი ვერ აკმაყოფილებდნენ „უსაფრთხოების და ხარისხის მოთხოვნებს“.
ვინაიდან ეს განცხადება იმავე დღეს გაკეთდა, როდესაც რუსეთის პრემიერ–მინისტრმა შესაძლო კონტრ–სანქციებზე ისაუბრა „რამდენიმე ქვეყნის“ წინააღმდეგ, თბილისში წუხილები გაჩნდა რუსული ემბარგოს დაბრუნების თაობაზე, რომელიც 2006 წელს იქნა შემოღებული სანიტარული მოტივებით და 2013 წელს მოიხსნა, კოალიცია ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლიდან რამდენიმე თვეში.
მართალია თბილისი უკვე თითქმის ერთი წელია, რაც ევროკავშირის სანქციას შეუერთდა ყირიმიდან იმპორტის აკრძალვის თაობაზე, ეს საკითხი ყურადღების ცენტრში მხოლოდ გასული თვის ბოლოს მოექცა.
გასულ კვირას საქართველოს პრემიერ–მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძე შეეცადა, რომ განემუხტა სიტუაცია და განაცხადა, რომ ამ გადაწყვეტილებაში ახალი არაფერია, ვინაიდან საქართველო უკვე ერთია წელია, რაც ევროკავშირის სანქციას შეუერთდა და ახლა ეს სანქცია მხოლოდ გაგრძელდა.
თუმცა, რუსეთის პრემიერ–მინისტრის მიერ 4 აგვისტოს გაკეთებული განცხადების და „როსპოტრებნადზორის“ განცხადების შემდეგ აბაშიძემ აღნიშნა 5 აგვისტოს: „როგორც ჩანს, რუსეთის მხარე, რუსეთის უწყებების ინფორმაციით, შარშანდელ გადაწყვეტილებას უკავშირებს საქართველოსთან ვაჭრობის შესაძლო შეზღუდვას, რაც ჩვენი აზრით, არასწორი გადაწყვეტილება იქნებოდა, რადგან ერთ-ერთი მთავარი ხელშესახები შედეგი, რომელიც 2012 წელს დაწყებულმა ქართულ-რუსულმა ორმხრივმა დიალოგმა მოიტანა, სწორედ სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების აღდგენაა“.
აბაშიძემ კიდევ ერთხელ გაიმეორა: „საქართველო შარშან შეუერთდა ევროკავშირის მიერ დაწესებული 15-მდე სანქციიდან ერთ-ერთს, რომელიც დაკავშირებულია ყირიმსა და სევასტოპოლში წარმოებული პროდუქციის ექსპორტთან. ეს სანქცია წელს ავტომატურ რეჟიმში გაგრძელდა და 2015 წელს, სანქციებთან მიერთების თვალსაზრისით, საქართველოს რაიმე ახალი ნაბიჯი არ გადაუდგამს“.
6 აგვისტოს ამ საკითხის კომენტირებისას პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმს განუცხადა ჟურნალისტებს: „15 სანქციიდან, რომელიც ევროკავშირმა დაუწესა რუსეთს, მხოლოდ ერთს შეუერთდა საქართველო გასულ წელს და ისიც მხოლოდ შეეხებოდა ყირიმში და სევასტოპოლში წარმოებული პროდუქციის ექსპორტზე დაწესებულ სანქციებს“.
მან განაცხადა, რომ ყირიმში წარმოებული პროდუქციის იმპორტზე დაწესებულ სანქციაზე მიერთება ბუნებრივი იყო საქართველოსთვის, რომელსაც თავად ორი ოკუპირებული ტერიტორია აქვს – აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი.
„ჩვენ იგივეს ვითხოვთ დანარჩენი სახელმწიფოებისგან, რომ დაუწესონ სანქციები აფხაზეთში და სამაჩაბლოში წარმოებულ პროდუქციას. ჩვენი არაღიარების პოლიტიკიდან გამომდინარე ეს იყო გარდაუვალი აუცილებლობა“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
„ჩვენ არ ვაპირებთ, რომ შევუერთდეთ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ საქნციებს. ამისთვის ძალიან ბევრი მიზეზი არსებობს. პირველი მინდა ავღნიშნო, რომ ჩვენ ძალიან ვუფრთხილდებით იმ მონაპოვარს, იმ მიღწეულ შედეგს, რომელიც უკვე გვაქვს რუსეთ–საქართველოს შორის; მე ვგულისხმობ სავაჭრო ურთიერთობების აღდგენას. მოგეხსენებათ, უკვე მესამე წელია, წარმატებით მიმდინარეობს დიალოგი და სავაჭრო–ეკონომიკური ურთიერთობების მიმართულებით ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი წინსვლა“, – განაცხადა პრემიერ–მინისტრმა ღარიბაშვილმა.
„წლების წინ, სწორედ სააკაშვილის გაუაზრებელი პოლიტიკის გამო გაწყვეტილი იყო ყოველგვარი პოლიტიკური დიალოგი და ჩვენს პროდუქციას ედო ემბარგო. ასე რომ, ჩვენ შევძელით, რომ სწორედ ჩვენი კონსტრუქციული. პრაგმატული პოლიტიკის მეშვეობით და მშვიდობიანი მოლაპარაკების გზით შევძელით ამ ბაზრის გახსნა ხელახლა და ჩვენ ამას ვაფასებთ. ასე რომ, მე ვფიქრობ, რომ რაღაც გაუგებრობას ჰქონდა ადგილი“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
რუსეთის მიერ სავაჭრო ემბარგოს მოხსნის შემდეგ, საქართველოს ექსპორტი რუსეთში 2013 წელს ოთხჯერ გაიზარდა, 2012 წელთან შედარებით და 190.2 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. 2014 წელს რუსეთში ექსპორტი 44%–ით გაიზარდა წინა წელთან შედარებით და 274.9 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც გასულ წელს საქართველოს მთლიანი ექსპორტის 9.6%–ს შეადგენს.
მაგრამ რუსეთში სანქციებით გამოწვეულმა ეკონომიკურმა პრობლემებმა მეზობლებზეც იმოქმედა, მათ შორის საქართველოზეც, საიდანაც ექსპორტმა რუსეთში ორჯერ იკლო 2015 წლის პირველ ნახევარში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით და 70.6 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.